სამართალი
10.01.2020 15:13
გორის სასამართლოში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ქმრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გორის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანი დედის მიერ ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ქმრის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. სხდომის დაწყებამდე, მიხეილ დვალიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, მისი თქმით, გაუთქმელობაზე დაწერილი ხელწერილის საფუძველზე, საქმის დეტალებზე არაფრის თქმის უფლება არ აქვს.

დვალიშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით  მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან წინასწარი შეცნობით სქესობრივი ხასიათის ურთიერთობას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდების საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ოქტომბერში გაიმართა, მოსამართლე შალვა კაკაურიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის სრულად დახურვის თაობაზე დააკმაყოფილა, ასევე დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 2019 წლის 22 მაისს, შვიდი თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა დააკავეს. დაკავებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობის სახედ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა.

კვირის ამბები