საზოგადოება
22.09.2022 14:44
ატენის სკოლის რეაბილიტაციის დასრულებამდე, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, შესაძლოა, ბნავისის ნაცვლად ხიდისთავში ისწავლონ

ატენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასკოლო შენობის რეაბილიტაციის პერიოდში, შესაძლოა, ბნავისის ნაცვლად ხიდისთავის საჯარო სკოლაში ისწავლონ, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ამ საკითხზე დეტალების დაზუსტტება მიმდინარეობს.

,,მოგეხსენებათ, ატენის საჯარო სკოლაში დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები და მიღებული გადაწყვეტილებით, დაწყებითმა საფეხურმა სწავლა დაიწყო ბნავისის საჯარო სკოლაში, საბაზო და საშუალო საფეხურმა კი - ხიდისთავის საჯარო სკოლაში. მოსწავლეები ორივე შემთხვევაში მეორე ცვლაში სწავლობენ და მათ ტრანსპორტი ემსახურება, თუმცა, დაწყებითი საფეხურის კლასების მოსწავლეთა მშობლების მოსაზრების და მათი თხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარეობს ამ გადაწყვეტილების კორექტირება და შესაძლოა, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმაც ხიდისთავში ისწავლონ, ვიდრე ატენის სკოლის შენობაში დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება. რაც შეეხება სხვა სკოლებს, მდგომარეობა უცვლელია და საგანმანათლებლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს - მეჯვრისხევის სკოლის რეაბილიტაცია კი გრძელდება და ისე, როგორც გასულ წელს, მეჯვრისხევის სკოლის მოსწავლეები ხელთუბნის სკოლაში დადიან მეორე ცვლაში და ბუნებრივია, უზრუნველყოფილები არიან ტრანსპორტით. რაც შეეხება გორის მე-11 საჯარო სკოლას, მოსწავლეები სასწავლო პროცესს განაგრძობენ კვლავ მე-6 სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში და უზრუნველყოფილია მათი ტრანსპორტირება“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

კვირის ამბები