სამხარეო ადმინისტრაციაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევსა და საელჩოს წარმომადგენლებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, ნიკა ღვინიაშვილმა უმასპინძლეს.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, საერთო მიზნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას, ფაიგ გულიევმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანისა და საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებსა და თანამეგობრობაზე.
გარდა ამისა, მხარეებმა რეგიონალურ ჭრილში განიხილეს უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ასევე, განიხილეს ქალაქების დამეგობრების პერსპექტივაც.