კასპში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლის, 20 წლის მიხეილ დვალიშვილის სასამართლო პროცესი გორში დღეს გაიმართება.
მიხეილ დვალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით, სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის ურთიერთობას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.
გორის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე 22 ოქტომბერს იმსჯელა. მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. მოსამართლემ ასევე დაკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის სრულად დახურვის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 2019 წლის 22 მაისს, შვიდი თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა დააკავეს. დაკავებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობის სახედ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა.