მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალაქი ჰუმი ხორვატიაში მდებარეობს, ამჟამად ქალაქში მხოლოდ 30 ადამიანი ცხოვრობს.
ქალაქი ჰუმი მე-11 საუკუნეში, ძველი რომაული დასახლების ნანგრევებზე დაარსდა. მე-17 საუკუნემდე ჰუმს ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენებდნენ, როგორც „კასტრუმს“, რაც „ციხე-კოშკს“ ნიშნავს. წლების მანძილზე ჰუმი იუგოსლავიის შემადგენლობაში შედიოდა, შედეგ კი, ხორვატიასთან ერთად, დამოუკიდებლობა მოიპოვა.
მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალაქის შესასვლელში მდებარეობს 1562 წელს აგებული უძველესი კარიბჭე, რომელიც ქალაქის ერთადერთი შესასვლელია.
ჰუმში მდებარეობს წმინდა იერონიმეს XII საუკუნის ეკლესია, 1552 წელს აგებული საათიანი კოშკი და 1802 წელს აგებული ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.
ყოველი წლის ზაფხულში ჰუმში ქალაქის მერის არჩევნები ტარდება, რომელშიც მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობენ.
იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქია, ყველა სხვა ქალაქის მსგავსად, ჰუმს აქვს საკუთარი ცენტრალური მოედანი, ფოსტა, სასაფლაო, ღვინის მაღაზია, მუზეუმი და ეკლესიები.