სპორტი
20.09.2022 13:59
„დილა“ საქართველოს თასის მეოთხედფინალშია

,,დილა“ საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა.

მერვედფინალურ დაპირისპირებაში, გორელებმა თბილისის „დინამო 2“-ს სძლიეს სტუმრად, ანგარიშით - 4:1.

ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტოქე შეხვედრის დებიუტშივე გატეხეს, როდესაც უკვე მე-10 წუთზე 2:0 ამრაცხებდნენ მოწინააღმდეგეს. პირველი გოლი საკუთარ კარში დინამოელთა ფეხბურთელმა თორნიკე ჯანგიძემ გაიტანა, მეორე კი, გორელების ლეგიონერმა, ტიერი გეილმა შეაგდო თბილისელთა კარის ბადეში.

გეილი ამაზე არ გაჩერებულა და მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ იზეიმა გოლი, რასაც 81-ე წუთზე „დილას“ კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ფრანსისკო მადინგამ მეოთხე გოლი დაამატა.

შეხვედრის მიწურულს, როდესაც მომდევნო ეტაპზე გასვლის საქმე უკვე ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, „დილას“ კარში პენალტი დაინიშნა და ის ზურაბ ერაძემ ზუსტად დაარტყა - 1:4 დილას სასარგებლოდ.

უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებთან ერთად, „დილა“ საქართველოს თასის გათამაშებაში 1/16 ფინალიდან ჩაერთო. მაშინ, ანუ „დინამო 2“-მდე „მაჭახელა“ დაამარცხა 6:1.

მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა უახლოეს მომავალში გაიმართება და ჩვენი გუნდის მეტოქეც იქ გაირკვევა.

კვირის ამბები