სპორტი
19.09.2022 17:18
გორელი ძიუდოისტი ალეკო კასრაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

გორელი ძიუდოისტი ალეკო კასრაძე (66 კგ.), პრაღაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

19 წლის კასრაძემ, ფინალისაკენ სავალ გზაზე ოთხი მოწინააღმდეგე დაამარცხა - ჯერ სლოვენიელ კოკალს მოუგო, შემდეგ უნგრელ გომბას, მომდევნო პაექრობებში კი, ოქროს დროში სძლია თურქ იბრაჰიმ დემირელის და ნორვეგიელ ბროვოლდს.

ფინალში, გორელი ძიუდოისტის მეტოქე კიდევ ერთი თურქი, ასევე დემირელი, ოღონდ მუჰამედ დემირელი გახლდათ. სამწუხაროდ, ჩვენმა ძიუდოისტმა წააგო ეს შეხვედრა და საბოლოოდ, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.

ალეკო კასრაძემ (გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა) წლევანდელი წლის საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, შემდეგ კი პოზნანში გამართული ევროპის თასი მოიგო, შეძლო ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებში ადგილის დამკვიდრება და ახლა თავისი პოტენციალი ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცა.

კვირის ამბები