საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო, თუმცა, სწავლის განახლების თარიღი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს არის დადგენილი.
გერმანიაში სასწავლო წელი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში იწყება. კონკრეტულ თარიღს ხელისუფლება ამინდის პროგნოზის მიხედვით განსაზღვრავს.
სკოლის პირველ კლასში 6 წლის ასაკში მიდიან. გერმანიაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, პირველკლასელები, მშობლების დახმარებით, ქაღალდის ლამაზ,ფერად, კონუსის ფორმის პაკეტებში ტკბილეულს და პატარა სათამაშოებს აწყობენ და სხვა ბავშვებს ჩუქნიან.
სასწავლო წლის დაწყების თარიღს ადგილობრივი ხელისუფლება ყოველწლიურად ადგენს დიდ ბრიტანეთშიც. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი დღე 30 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე. დიდი ბრიტანეთის დაწყებით სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვებს იღებენ.
ჩეხეთში სწავლის დაწყების პირველ დღეს გაკვეთილები არ ტარდება. სწავლის დაწყების პირველ დღეს, მოსწავლეებისთვის მხიარული კონცერტი იმართება. პირველკლასელები სკოლაში 6 წლის ასაკში მიდიან, წერა-კითხვის ცოდნა არ მოეთხოვებათ.
იაპონიაში ახალი სასწავლო წელი აპრილში, საკურას ყვავილობის დროს იწყება. პირველ კლასში ბავშვები საბავშვო ბაღის შემდეგ, 6 წლის ასაკში მიჰყავთ. პირველკლასელები სკოლაში ჯერ 1-ელ აპრილს მიდიან პედაგოგების გასაცნობად, ერთი კვირის შემდეგ კი სასწავლო პროცესი იწყება.
ესპანეთში სწავლა სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში, მოსავლის აღების ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ იწყება.
ესპანელები სწავლის დაწყებას ყოველგვარი ზეიმის გარეშე ხვდებიან. ესპანელ მოსწავლეებს დღიურები და შესაბამისად, შეფასებებიც არ აქვთ.
აპრილის ბოლოს, ყოველგვარი ზეიმის გარეშე იწყება სასწავლო წელი ნორვეგიაში. ბავშვები პირველ კლასში 6 წლის ასაკში მიჰყავთ.
ინდოეთში სასწავლო წელი აპრილში იწყება, პირველ კლასში კი 4 წლის ბავშვები მიჰყავთ. სწავლის დაწყების დღეს ზეიმით არ აღნიშნავენ. ინდოეთში ყველაზე პრესტიჟულ საგნად მათემატიკა ითვლება. ქვეყანა ცნობილია პროფესიონალი პროგრამისტებით. ინდოეთის სკოლებში ასწავლიან მხოლოდ მამაკაცი მასწავლებლები.
სამხრეთ კორეაში სასწავლო პროცესი მარტში იწყება. ბავშვები სკოლაში 8 წლის ასაკში მიჰყავთ და მათ მისაღები გამოცდის ჩაბარება უწევთ. საუკეთესოებს უფლება აქვთ საგანმანათლებლო დაწესებულება საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიონ, სხვებს კი დარჩენილ ადგილებზე გადაანაწილებენ.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სკოლებში სწავლა იანვრის მეორე ან მესამე ოთხშაბათს იწყება. ბავშვები პირველ კლასში 5,5-6 წლიდან მიჰყავთ. სამხრეთ აფრიკაში 4 ოფიციალური ენაა, მაგრამ სწავლება ინგლისურ და აფრიკაანსულ ენებზე (ინდოევროპული ენა) მიმდინარეობს. აქ სწავლის დაწყების პირველ დღეს არანაირი ზეიმი არ იმართება.
ჰოლანდიაში ბავშვები სკოლაში 4 წლის ასაკში მიჰყავთ. დაწყებითი სკოლის პირველი კლასი საბავშვო ბაღს უფრო ჰგავს - ბავშვები თამაშობენ, ხატავენ, პლასტელინით ძერწავენ.
ჰოლანდიაში სწავლის დაწყების პირველი დღე ზაფხულის არდადეგებიდან 6 კვირის შემდეგ დგება. ყველაზე ხშირად ეს აგვისტოს ბოლო ორშაბათი ან სექტემბრის დასაწყისია. საგზაო საცობების შემცირებისა და დამსვენებელთა ნაკადის განაწილების მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სწავლა რამდენიმეკვირიანი სხვაობით იწყება.