მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ი მომავალი წლისთვის შესარჩევი მოსწავლეებისთვის მორიგ კონკურსს აცხადებს, აპლიკაციების მიღება 13 ოქტომბერს დასრულდება.
FLEX - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მას მხარს უჭერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას, უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით. შერჩეულ მონაწილეებს აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.
გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ბმულზე - https://tinyurl.com/flexinfo2022
პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება ელექტრონულად შევსებული აპლიკაციის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის (2005 წლის 1-ლი იანვრიდან 2007 წლის 15 ივლისამდე დაბადებულ) მოსწავლეებს, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ აშშ-ს ვიზა, ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას.