გორის მუნიციპალიტეტის 67-ვე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყებისას დასრულებული იყო პირველკლასელების ,,ბუქების“, პირველკლასელების დამრიგებლების კომპიუტერების დაყველა სახელმძღვანელოს გადაცემის პროცესი და შესაბამისად, შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განაცხადა.
ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წერს, რესურსცენტრის ქვემდებარე 67 საჯარო სკოლაში 19 000-ზე მეტი მოსწავლეა რეგისტრირებული, მათგან 1686 პირველკლასელია.
რაც შეეხება პედაგოგებს, აღნიშნულ 67 სკოლაში 2300-ზე მეტი მასწავლებელი მუშაობს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ატენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაწყებითი საფეხური ბნავისის საჯარო სკოლაში შეუდგა სწავლას, საბაზო და საშუალო საფეხური - ხიდისთავის საჯარო სკოლაში, მოსწავლეები ორივე შემთხვევაში მეორე ცვლაში სწავლობენ და მათ ტრანსპორტი ემსახურება.
მეჯვრისხევის სკოლის მოსწავლეებმა კვლავ ხელთუბნის სკოლის შენობაში მეორე ცვლაში განაახლეს სასწავლო პროცესი და უზრუნველყოფილები არიან ტრანსპორტით.
გორში კი, მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს განაგრძობენ მე-6 სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში და უზრუნველყოფილია მათი ტრანსპორტირება.
ამასთანავე, რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, სასკოლო ტრანსპორტი მოემსახურება უახლოეს სკოლამდე 2 კილომეტრით შორს მცხოვრებ მოსწავლეებს.
რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით მოსწავლეთა რაოდენობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სკოლებში 632 726 მოსწავლეა რეგისტრირებული, მათგან 55 717 პირველკლასელია.