10.01.2020 12:02
დევნილთა სააგენტო „სოფლად სახლს“ 401 დევნილ ოჯახს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო პროექტის „სოფლად სახლის“ ფარგლებში, საცხოვრებელს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 700-ზე მეტი განაცხადი უკვე განიხილა და განსახლების კრიტერიუმების გათვალისწინებით, 401 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. საცხოვრებლის შესაძენად გამოყოფილი თანხის რაოდენობას, პროექტის კოორდინატორები ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განსაზღვრავენ. შერჩეულ საცხოვრებელს, საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, ექსპერტიზა ჩაუტარდება. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.
ცნობისთვის, 2019 წელს, სახელმწიფომ სახლი 1 050 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა. ჯამში, პროექტის - „სოფლად სახლის“ ამოქმედებიდან დღემდე, 4000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.