გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სკოლის ახალ შენობაში შეხვდნენ.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს გორის მუნიციპალიტეტს მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მიულოცეს.
,,სოფელ ქერეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა მოემსახურება. ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს, განსაკუთრებით - პირველკლასელებს.
განათლების მიღების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას. ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ როგორც განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს ვუსურვებ წარმატებულ, საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო წელს“, - აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.
ქერეს სკოლის შენობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა, 90 მოსწავლეზეა გათვლილი.