დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა.
ჯანდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი განახლებული რეკომენდაციებით დაიწყო.
გაეცანით რეგულაციებს, რომლებიც მოიხსნა:
* გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება.
* სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით.
* ახალი სასწავლო წლიდან, საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნა.
* 2022-2023 სასწავლო წლიდან, დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.
* ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ცალკეული კლასის/კლასების ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლას გულისხმობდა.
* ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება.
* განახლებული რეკომენდაციების თანახმად, 2022-2023 სასწავლო წლიდან, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება.