საზოგადოება
15.09.2022 09:03
მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას - მიხეილ ჩხენკელი

დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი წერს.

მიხეილ ჩხენკელი განსაკუთრებულად ულოცავს სწავლის დაწყებას პირველკლასელებს.

„დღეს, 15 სექტემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება.

განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს პატარებს – პირველკლასელებს. მათ დღეს პირველად შეაღეს საკლასო ოთახის კარი, სადაც თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო, მეგობრული და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო დახვდათ.

მსურს, გულითადად მივულოცო ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს – მათ, ვინც თავისი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით ერთგულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას.

ჭეშმარიტად განათლებული თაობა საქართველოს წინსვლისა და განვითარების მყარი საფუძველია. მჯერა, ჩვენი ახალგაზრდები სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებითა და განსაკუთრებული შესაძლებლობებით კიდევ არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ და მშვიდობიან სასწავლო წელს გისურვებთ“, - აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.

ცნობისთვის, წელს, ქვეყნის მასშტაბით, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სკოლებში 632 726 მოსწავლეა რეგისტრირებული, მათგან 55 717 პირველკლასელია.

კვირის ამბები