საზოგადოება
15.09.2022 08:53
საქართველოს სკოლებში 2022-2023 სასწავლო წელი დღეს იწყება

2022-2023 სასწავლო წელი საქართველოს სკოლებში დღეს იწყება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წელს, ქვეყნის მასშტაბით, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სკოლებში 632 726 მოსწავლეა რეგისტრირებული, მათგან 55 717 პირველკლასელია.

ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი განახლებული რეკომენდაციებიც იწყება.

გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით.

ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნა.

2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები, რაც ცალკეული კლასის/კლასების ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლას გულისხმობდა. ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება.

განახლებული რეკომენდაციები სკოლის ტერიტორიაზე არსებული საკვები დაწესებულებებისა და სასკოლო წრეების შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება.

კვირის ამბები