საზოგადოება
14.09.2022 15:57
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები გაიცა
ხვალ, 15 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა.
შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით.

ახალი სასწავლო წლიდან, ასევე, საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნება.

„სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კვლავ უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა საჭირო რესურსების, ჰიგიენური საშუალებებისა და ინვენტარის მარაგით. გარდა ამისა, წელსაც გაგრძელდება სკოლებში უსაფრთხო გარემოს სისტემური მონიტორინგი, როგორც სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
კვირის ამბები