10.01.2020 11:41
ავტომობილები ძველი საბურავებით ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიან
ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 10 წელზე მეტი ხნის საბურავები ექნება, ტექდათვალიერებას ვერ გაივლის - აღნიშნული შეზღუდვა 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სამსახურის უფროსის, შალვა ურიადმყოფელის განცხადებით, ის ავტომობილები, რომელთა საბურავებსაც ხანდაზმულობის ვადა გასული ექნება, ტექდათვალიერების დროს დახარვეზდება.
„პირველი აპრილიდან ტექდათვალიერების გავლის წესში სიახლეები დაინერგება, კერძოდ, გარკვეული შეზღუდვები გავრცელდება ავტომანქანის საბურავებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საბურავებს აქვს თავისი ვადა, შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბურავები ინსპექტირებაზე უნდა იყოს 10 წელზე ნაკლების. 10 წელზე მეტი ხნის მქონე საბურავები დაექვემდებარება დახარვეზებას. შესაბამისად, ის ავტომობილები, რომელთა საბურავებსაც ხანდაზმულობის ვადა გასული ექნება, ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა.