საზოგადოება
14.09.2022 11:33
გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადავიდა - 18 წლამდე პირებისთვის მომსახურება 100%-ით ფინანსდება
გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა რეფერალიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილების მიზანია, ბენეფიციარებმა, ამ სერვისით, კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად ისარგებლონ. პროგრამის მიხედვით, 18 წლამდე პირებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის, მომსახურება 100%-ით ფინანსდება.

გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა 90%-ით უნაზღაურდებათ საპენსიო ასაკის მოსახლეობას, საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის მონაწილე სხვა ბენეფიციარებს კი - 70%-ით.

„სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც კლინიკებმა, პაციენტებს, გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობისას, მიღებული დაფინანსების გარდა, დამატებითი თანხები გადაახდევინეს, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, მოქალაქეების ინფორმირება.
თუ მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, გთხოვთ, მოგვმართოთ ჯანდაცვის სამინისტროში. რეგულირების სააგენტო აუცილებლად შეისწავლის ამ საკითხს. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დაჯარიმდება დაწესებულება, განმეორების შემთხვევაში კი, შესაძლოა, მისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვის საკითხიც დადგეს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.

თანდაყოლილი გულის მანკების ქირურგიული მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს - კათეტერიზაცია და ქირურგია. პირველის შემთხვევაში ოპერაციების ღირებულება 2065-დან 10406 - ლარამდეა, მეორე შემთხვევაში კი - 7331-დან – 47720-ლარამდე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადასვლის შემდეგ, უკვე ჩატარდა 125 თანდაყოლილი გულის მანკების გეგმური თუ გადაუდებელი ოპერაცია. მათში, ჯამურად, მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
კვირის ამბები