კულტურა
13.09.2022 14:42
„ტონთიო - ამბავი ოქროს მთებზე“ - Art House-ში რიგით მეორე გამოფენა მიმდინარეობს
პროექტ „Art House 2022 - ის ფარგლებში, ხელოვნების სახლი რიგით მეორე გამოფენას მასპინძლობს.

„ტონთიო - ამბავი ოქროს მთებზე“ – აღნიშნული სახელწოდების ექსპოზიციის ნახვა, დამთვალიერებელს 11 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, 12:00-დან19:00 საათამდე (ხელოვნების სახლი, ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორია) შეუძლია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფოტომასალის გარდა, ექსპოზიცია სხვადასხვა დოკუმენტურ არტეფაქტს მოიცავს სტატიების, ამონარიდების, პირადი ჩანაწერების და მწვერვალებიდან წამოღებული წერილების სახით.
„1923 წელს, მყინვარწვერზე ორი ქართული ჯგუფი ავიდა. ქართულ ალპინიზმს ამ წერტილიდან ვითვლით. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როცა ცხოვრების უკვე განსაზღვრული სცენარი ადამიანისთვის ტიპურ მომავალს წარმოადგენს, გორში, ახალგაზრდა მეგობრები სირთულეების საძებნელად მთაში სიარულს იწყებენ. 1982 წელს კი, საერთო მისწრაფების გარშემო შეკრებილი ენთუზიასტები „ტონთიოს“ ქმნიან. ეს მოვლენა, დღევანდელი გადმოსახედიდან, მათი ახალგაზრდული გულწრფელობისა და სპონტანურობის ბუნებრივი გამოვლინებაა.

„ტონთიო“ ანუ ოქროს მთა, ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში სიმყარის წერტილად იქცა, ამიტომ, ეს ამბავიც, რომელიც დროთა განმავლობაში პირად არქივებში შემონახული პატარა ამბებისგან შეიქმნა, არის ამბავი მთებსა და ადამიანებზე“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

პროექტი „Art House 20 22“ ხორციელდება გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club -ის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.
კვირის ამბები