განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.
„ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პედაგოგთა გადამზადების პროცესი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდა.
,,ჭადრაკის სწავლებასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში პრობლემა არ გვექნება, ყველა სკოლაში გადამზადებულია მასწავლებელი, რომელიც აღნიშნულ საგანს ასწავლის მოსწავლეებს“, - განაცხადა ,,გორის მაცნესთან“ ნანა ტერმაკოზაშვილმა.