სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსება გრძელდება, ვინ ისარგებლებს სოციალური პროგრამით
სოციალური პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსებას აგრძელებს. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო.
განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის თქმით, სტუდენტთა სახელმწიფო-სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს, წელსაც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით.
უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს, სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 13 კატეგორიას დაემატა კიდევ ერთი კატეგორია – „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.
რაც შეეხება გასულ წლებში მოქმედი სოციალური კატეგორიების დაფინანსებას, გეტყვით, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ დაფინანსებას წელსაც აგრძელებს, ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;
სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით);
სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, განცხადებები მიიღება 30 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე, შემდეგ ბმულზე: http://socreg. mes. gov. ge/ login/