წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, გორის მერია მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად პროექტს ახორციელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია, მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდასაჭერად, ერთ-ერთ სოციალურ პროექტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მერიის დაფინანსებული პროექტის - „საქმიანობათა ცენტრი გორში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“ ბენეფიციარები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის - მრავალშვილიანი ოჯახები, ხანდაზმულები და იძულებით გადადგილებული პირები არიან.
„პროექტის სოციალური ღონისძიების პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო, ჰუმანიტარულ, ჰიგიენურ, სარეაბილიტაციო, პრევენციულ, ადვოკატირებას და ასე შემდეგ.
სამედიცინო გადასინჯვები, სურსათითა და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა, უფასო სოციალური საშხაპითა და რეცხვის სერვისით სარგებლობა, საინფორმაციო შეხვედრების საშუალებით საჭირო ინფარმაციის მიწოდება - ეს იმ მომსახურებების არასრული ჩამონათვალია, რასაც ბენეფიციარები პროექტის ფარგლებში იღებენ“, - აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 15 ინიციატივას აფინანსებს.