ტურიზმი
09.01.2020 17:34
გორის მუნიციპალიტეტს გასული ერთი წლის განმავლობაში 513 250 ვიზიტორი ეწვია

გასული ერთი წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 513 250 ვიზიტორი სტუმრობდა -  გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. მუშაობის შედეგები შეაჯამა გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმაც: „რუსეთი, პოლონეთი, გერმანია, უკრაინა, ირანი და თურქეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი გახლავთ, საიდანაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დამთვალიერებელთა ყველაზე დიდი ნაკადი გვსტუმრობს. გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, 2019 წელს, 32 794 ვიზიტორს მოემსახურა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ძირითადად იმ ტურისტებს ვუწევთ კონსულტაციებს, ვინც ინდივიდუალურად მოგზაურობს და რომელიმე ტურისტული კომპანიის პაკეტით არ სარგებლობს. რაც ყველაზე მთავარია, ბოლო პერიოდში გაცილებით გაიზარდა მომსახურების სერვისების ხარისხი - ნაწილობრივ მოწესრიგდა საზოგადოებრივი საპირფარეშოების, დამისამართების აბრების პრობლემა და ასე შემდეგ, შესაბამისად, ნეგატიური დამოკიდებულება უცხოელი ტურისტების მხრიდან აღარ იგრძნობა,“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან იარდალაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 051 424 548 აშშ დოლარი შეადგინა. მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35 მილიონი აშშ დოლარითაა გაზრდილი.

კვირის ამბები