სამართალი
08.09.2022 17:06
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ფსიქიკურ კეთილდღეობას არ შეექმნას საფრთხე, გაეწიოს ფსიქოლოგის მომსახურება - სოციალური მუშაკი სექსუალური ძალადობის საქმეზე

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში აუცილებლად იყოს ჩართული სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახური და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ ორგანიზაცია ,,სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის“ სოციალურმა მუშაკმა სოფო მუშკუდიანმა არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით კომენტირებისას განუცხადა.

მუშკუდიანის განცხადებით, მედიის მხრიდან მსგავსი ფაქტი ისე უნდა გაშუქდეს, რომ არ მოხდეს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მედიასაშუალებაში მოხვედრა.

,,არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაზე როდესაც ვსაუბრობთ და ამასთან, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად იყოს ამ პროცესში ჩართული ტრეფიკინგის ცენტრი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახური, რომ

ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას არ შეექმნას საფრთხე, რომ გაეწიოს ბავშვს ფსიქოლოგის მომსახურება, მოხდეს მასთან მუშაობა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩაერთოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, რომელიც საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოქმედებს. ამ ყველაფრის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია მედიის მიდგომა და აღნიშული ფაქტის გაშუქება ისე, რომ არ მოხდეს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მედიაში მოხვედრა. ბუნებრივია, მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ბავშვის სახელით და გვარით, ან ხმით, მისი გამოსახულების ჩვენებით, მაიდენტიფიცირებლად ითვლება, თუნდაც, მისი მეზობლის, თანაკლასელის, თანასკოლელის და არასრულწლოვანთან კავშირში მყოფ პირთა წრიდან რომელიმე ახლობლის ჩაწერა, ამიტომ, ძალზე დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მედიის წარმომადგენლებმა მსგავს ფაქტებზე მუშაობისას“, - განაცხადა სოფო მუშკუდიანმა.

შეგახსენებთ, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

ცნობისთვის, 12 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების და გაუპატიურების მცდელობის თაობაზე ცნობილი დღეს დილით გახდა. მოზარდის ოჯახის წევრების ინფორმაციით, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელმაც ბავშვი მოტყუებით წაიყვანა ავტომობილით, მათი მეზობელია.

კვირის ამბები