08.09.2022 12:59
დილიდან ხმაურია გორში, ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებას ახორციელებს
ამ წუთებში ხმაურია გორში, ბაგრატიონის ქუჩაზე. ერთ-ერთი ოჯახის წევრებმა, რომელთა საცხოვრებელი სახლიდანაც აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოს შესაბამისი ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსახლებას ახორციელებს, ჯერ ბაგრატიონის ქუჩის, შემდგომ კი, ჭავჭავაძის ქუჩის პარალიზება მოახდინეს.
დარბაიძეების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოსახლების უფლებას არ მისცემენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. რამდენიმე წუთის წინ პოლიციამ შეძლო და ჭავჭავაძის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის წინ გადაკეტილი გზა გაათავისუფლა. მოდავეებმა, ჭავჭავაძის ქუჩიდან კვლავ ბაგრატიონის ქუჩისკენ გადაინაცვლეს, სადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და სამართალდამცავები იმყოფებიან.
მოდავე მხარეები მეზობლები არიან.
„აღნიშნული საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყებულია 2019 წლის დეკემბერში, გორის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე. საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები, იყო შეხვედრები მხარეებთან, თუმცა, უშედეგოდ. კრედიტორი და მოვალე ოჯახები არიან მეზობლები, აქვთ პირადი კონფლიქტი, რის გამოც მორიგების მიღწევა შეუძლებელი გახდა. მოვალე ოჯახმა, ასევე უარი განაცხადა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის მიმართვაზე რაიმე ტიპის დახმარების მიღების მიზნით. იმ პერიოდიდან, რაც ეს საქმე შემოსულია აღსრულების ეროვნულ ბიუროში, შეჩერებული იყო სამი თვის განმავლობაში სასამართლოს მიერ, ასევე, დროებით სეჩერდა პანდემიიდან გამომდინარეც, რითაც მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა პრობლემის მოგვარების, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფერზე შეთანხმდნენ, რის გამოც აღსრულების პოლიცია ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა პაატა შამუგიამ. გამოსახლების პროცესი ამ წუთებში დაწყებულია და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, საცხოვრებელ სახლს დარბაიძეების კუთვნილი ნივთებისგან ათავისუფლებენ.