რეგიონი
06.09.2022 13:17
რეგიონში არსებულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი ობიექტი შეემატა - ქარელში საცურაო აუზი გაიხსნა

შიდა ქართლის რეგიონში არსებულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი ობიექტი შეემატა - ქარელში ფუნქციონირება დაიწყო საცურაო აუზმა. პირველ საჩვენებელ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. რეგიონის რწმუნებულმა, ასევე დაათვალიერა შენობა და გაეცნო სპორტულ ინფრასტრუქტურას.

,,ქარელში საცურაო აუზმა დაიწყო ფუნქციონირება. როგორც იცით, აუზის მშენებლობა ივნისში დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოკლე დროში, შენობა სრულად აღიჭურვა სათანადო ინვენტარით და დასაქმდა გადამზადებული სტაფი. საცურაო აუზი არა მხოლოდ ქარელის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ, მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. სპორტი და განსაკუთრებით, წყლის სპორტის სახეობები, ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია, ხოლო მისი პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. იმედი მაქვს, რომ რეგიონის მაცხოვრებლებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ეს საცურაო აუზი სპორტულ ცხოვრებასა და ზოგადად, სპორტული აქტივობის გაუმჯობესებაში შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.

ქარელის საცურაო აუზის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5.6 მლნ. ლარით დაფინანსდა. მოეწყო დიდი და მცირე აუზები, ასევე კომპლექსში განთავსდა სატრენაჟორო დარბაზი, 100 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა, პერსონალისა და მწვრთნელების ოთახები, გასახდელი სივცრცეები და საშხაპეები. საცურაო კომპლექსი სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

კვირის ამბები