სამართალი
05.09.2022 14:37
სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები მკაცრდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ახალი საკანონმდებლო პაკეტი, დღეს, 5 სექტემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.
ცვლილებების მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება – მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ცვლილებების მიხედვით, იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, რაც პირის 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.
ამასთან, ცვლილებებით, სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
დასჯადი იქნება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებაც – ე.წ. დრიფტი. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას- 300 ლარის ოდენობით. კანონპროექტში ნათქვამია, რომ თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.
კვირის ამბები