სამართალი
05.09.2022 10:39
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, შიდა ქართლში რამდენიმე პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შიდა ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია რამდენიმე პირი.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შიდა ქართლის პოლიციის მიერ დაკავებულ 1970 წელს დაბადებულ ჯ.ღ.-ს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება ედება ბრალად.

სამართალდამცველებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ჯ.ღ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 215 ვაზნა. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა და 49 ძირი კანაფი.

ხაშურის სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1950 წელს დაბადებული ვ.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. ვ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 16 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და დამზადების, აგრეთვე, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლითა და 265-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები