გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის დეპარტამენტის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრად დაკლება.
სინოპტიკოსების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში 8 სექტემბერს ნავარაუდევი ა+20 გრადუსი, მაშინ, როცა 1-2 სექტემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა გორში +36 გრადუსიან ნიშნულზე იყო.
რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობაზე და რა სახის პრევენციული ღონისძიებებია მიზანშეწონილი - აღნიშნულ საკითხზე ,,გორის მაცნეს“ სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ ოჯახის ექიმი ნინო ეძგვერაძე ესაუბრა.
,,კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მითუფრო, როცა მოკლე პერიოდში ხდება ჰაერის ტემპერატურის სწრაფი კლება ან მატება.
როდესაც ერთბაშად ადგილი აქვს ჰაერის ტემპერატურის 10 ან მეტი გრადუსით დაცემას, ეს ფაქტი სხვადასხვა სახის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტემპერატურის სწრაფი კლების დროს, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჰიპერტონიული დაავადებების მქონე პაციენტებს, ამ დროს, ხშირია ჰიპერტენზიის - არტერიული წნევის მატების შემთხვევები, ამიტომ, რეკომენდებულია წნევის კონტროლი. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ტემპერატურის სწრაფ კლებას, ხშირად ახლავს გაციებებიც. ადამიანი მიჩვეულია კვლავ მაღალ ტემპერატურას, მისი სამოსი და ქცევის ნორმებიც კვლავ მაღალი ტემპერატურის გავლენის ქვეშაა და ამ დროს ხდება გაციება, ამიტომ, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სიფრთხილე გვმართებს სეზონის ცვლილების ან ტემპერატურის სწრაფი კლების თუ მატების შემთხვევაში“, - აღნიშნა ნინო ეძგვერაძემ.