ხილის დამწიფებასთან ერთად, დიასახლისები აქტიურად იწყებენ ზამთრის მარაგის შევსებას სხვადასხვა ხილის მურაბებითა და კომპოტებით. ერთ-ერთი მოთხოვნადი ნუგბარი, რომელიც ალბათ თქვენი ოჯახის ყველა წევრს უყვარს და ამავე დროს, გაციებისას სამკურნალო დანიშნულებაც აქვს, ლეღვის მურაბაა.
ახლა სწორედ ლეღვის სიმწიფის სეზონია, „გორის მაცნე“ ლეღვის მურაბის მომზადების ტრადიციულ რეცეპტს გთავაზობთ.
მასალა:
1 კგ. ლეღვი
1 კგ. შაქარი
2 ჩ/ჭ წყალი
მომზადების წესი:
სამურაბე ლეღვი ალაგ-ალაგ ჩავჩხვლიტოთ ხის ჩხირით. ორ ჩაის ჭიქა წყალში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი. დაჩხვლეტილი ლეღვი მოვათავსოთ სიროფში და ნახევარსაათიანი დუღილის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. გავაჩეროთ რამოდენიმე საათით ან მეორე დღემდე, შემდეგ კვლავ შემოვდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ სიროფი არ შესქელდება და ლეღვი ქარვის ფერს არ მიიღებს.
ჩავასხათ გარეცხილ, მშრალ ქილებში და დავახუროთ სახურავი მჭიდროდ.
ლეღვი ვიტამინების და მიკროელემენტების ნამდვილი საწყობია. მდიდარია A და B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე ფოსფორით, კალციუმით, კალიუმით და რკინით.