საზოგადოება
09.01.2020 14:18
შიდა ქართლის რეგიონში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები გამოქვეყნდა

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შიდა ქართლის რეგიონში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები გამოაქვეყნა.

გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 540-მა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა.

ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს:

ერთოთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4 ან მეტი ქულა;

ოროთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ  3  ან მეტი ქულა;

სამოთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 1  ან მეტი ქულა;

ოთხოთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6,5  ან მეტი ქულა.

დაინტერესებულ პირებს, ქულების გადამოწმება შეუძლიათ სამინისტროს ვებ. გვერდზე www.moh.gov.ge ან შემდეგ მისამართზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/09.01.2020-1.pdf

კომისია იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხსაც განიხილავს, რომლებიც ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობენ. ასევე, განიხილება იმ ოჯახების განსახლების საკითხი, რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს.

კვირის ამბები