საზოგადოება
02.09.2022 11:05
დღეს, შოთა ჩოჩიშვილის ოლიმპიური ჩემპიონობიდან 50 წელი შესრულდა - სპორტსმენის მშობლიურ სოფელსა და გორში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი

დღეს, 2 სექტემბერს, ქართული სპორტის გამორჩეული წარმომადგენლის, ტიტულოვანი სპორტსმენის, შოთა ჩოჩიშვილის ოლიმპიური ჩემპიონობიდან 50 წელი შესრულდა. 

თარიღთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს სხვადასხვა ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.

სააგენტოს ინფორმაციით, 12:00 საათზე, შოთა ჩოჩიშვილის მშობლიურ სოფელ ღვლევში, ტიტულოვანი სპორტსმენის სახლის კედელზე, გაიხსნება მემორიალური დაფა. ამავე დღეს, 14:00 საათზე, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფოიეში, ოლიმპიური ჩემპიონის სპორტული კარიერისადმი მიძღვნილი კედელი გაიხსნება.

15:00 საათზე კი, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შოთა ჩოჩიშვილის ოლიმპიური ჩემპიონობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

„ღონისძიებას დაესწრებიან შოთა ჩოჩიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართული სპორტის მესვეურები, სპორტულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის გულშემატკივრები. მობრძანდით და ერთად ვიზეიმოთ დიდი ჩემპიონის დიდი გამარჯვების საიუბილეო თარიღი“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში.

ქართველი ძიუდოისტი, შოთა ჩოჩიშვილი 1950 წლის 10 ივლისს, ქარელის რაიონის სოფელ ღვლევში დაიბადა. ის გახლდათ პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში საბჭოთა კავშირიდან (1972 წ.); ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წ.), მსოფლიოს 1975 წლის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის 3-გზის ვერცხლის (1973, 1974, 1975 წწ.) და ბრინჯაოს (1977 წ.) პრიზიორი. აგრეთვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის მეორე (1974, 1977 წწ.) და ორგზის მესამე (1974, 1975 წწ.) პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 1977 წწ.).
შოთა ჩოჩიშვილს მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის (1972 წ.)წოდება და იყო ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.
გარდაიცვალა 2009 წლის 27 აგვისტოს.
კვირის ამბები