საზოგადოება
02.09.2022 10:57
მსოფლიოში, ყოველდღიურად, კორონავირუსის 1 მილიონამდე ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება ფიქსირდება

ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მომატებულია, - ამიშ შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოში, დღეში, საშუალოდ, კოვიდ-19-ის 1 მილიონამდე ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება ფიქსირდება.

ცერცვაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ ცოტა მაინც არ არის.

„COVID-19-ის ეპიდსიტუაცია საქართველოში რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების მცირე მატების ტენდენციით, კერძოდ, ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 13 737 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირას იყო 12 535 ახალი შემთხვევა. სადღეისოდ ქვეყანაში არის COVID-ის 13 299 აქტიური შემთხვევა. მათგან კლინიკებში მკურნალობს 930 პაციენტი (7%), ხოლო დანარჩენი 12 369 პაციენტი მკურნალობს ბინაზე.

ბოლო კვირაში იყო გარდაცვალების მხოლოდ 3 შემთხვევა. გარდაცვალების ასეთი ძალიან დაბალი მაჩვენებლის მუდმივად შენარჩუნება ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად შევინარჩუნოთ, რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე.

ბოლო ოთხი თვის მანძილზე, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში.

მინდა, ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კვირის ამბები