კულტურა
02.09.2022 10:40
ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის საზეიმო გახსნა ეპისკოპოსის სასახლეში გაიმართა.

ფესტივალი, რომელსაც ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია მასპინძლობს, წელს მეათედ იმართება.

ფესტივალის გახსნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მერი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსის და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ნიქოზს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ერთკვირიანი ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ფილმების ჩვენება, გამოფენების მოწყობა, კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის კონცერტები.

„სიმბოლურია ასეთი ღონისძიების იმ სოფელში ჩატარება, რომელიც ცხინვალიდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს და სადაც 14 წლის წინ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ხელოვნების ენა უნიკალურია. მას შეუძლია შერიგების პროცესის დაჩქარება. როგორც დღემდე, გორის მერია მომავალშიც გააგრძელებს ღონისძიების მხარდაჭერას“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

ღონისძიება წეროვანის დევნილთა დასახლების მოსწავლეთა ანსამბლმა და ნიქოზის ხელოვნების სკოლასთან არსებულმა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა გახსნა.

სტუმრებს საკუთარი შემოქმედება ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრის მეშვეობით გააცნეს, ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა სახელწოდებით - ,,2008 წლის ომის გამოძახილი“;

რაც შეეხება პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს, დაგეგმილია გამოფენა - არქიტექტურული პროექტი „ნიქოზის ხელოვნების სასახლე“; ფოტოგამოფენა - როზანჯელა დე არაუჯო, რომელსაც გერმანელი მონაწილეები წარადგენენ.

ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მუსიკალურ მინიატურებს კონსერვატორიისა და მუსიკალური სემინარიის სტუდენტები (ნიქოზის ხელოვნების სკოლის ყოფილი მოსწავლეები) გააცნობენ.

ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმი „ეკლიანი ღობე“ - რეჟისორი ანიტა კილი (ნორვეგია);

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა მანანა აბზიანიძის ხელნაკეთი თოჯინების და ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების (კერამიკა, ნაქარგები, ხელსაქმე, თოჯინები) გამოფენები.

სტუმრებმა გაიცნეს მარიონეტები - ნიქოზში, ომის დროს დარჩენილი პერსონაჟები, მეზობლები - ქრისტინა, კოლია, ლეილა, ზინაიდა, იასონი და ვალიკო. ამ პერსონაჟების ომისდროინდელი მოკლე ისტორიები, სპეციალურად მე-10 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალისთვის გამოცემულ პატარა წიგნშია თავმოყრილი.

ფესტივალი 6 სექტემბერს დასრულდება.

კვირის ამბები