სპორტი
01.09.2022 16:22
50 წელი შოთა ჩოჩიშვილის ოლიმპიური ჩემპიონობიდან - 2 სექტემბერს, ტიტულოვანი სპორტსმენის მშობლიურ სოფელსა და გორში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი

2 სექტემბერს, ქართული სპორტის გამორჩეული წარმომადგენლის, ტიტულოვანი სპორტსმენის, შოთა ჩოჩიშვილის ოლიმპიური ჩემპიონობიდან 50 წელი სრულდება.

თარიღთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს სხვადასხვა ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.

სააგენტოს ინფორმაციით, 12:00 საათზე, შოთა ჩოჩიშვილის მშობლიურ სოფელ ღვლევში, ტიტულოვანი სპორტსმენის სახლის კედელზე, გაიხსნება მემორიალური დაფა. ამავე დღეს, 14:00 საათზე, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფოიეში, ოლიმპიური ჩემპიონის სპორტული კარიერისადმი მიძღვნილი კედელი გაიხსნება.

15:00 საათზე კი, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შოთა ჩოჩიშვილის ოლიმპიური ჩემპიონობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

„ღონისძიებას დაესწრებიან შოთა ჩოჩიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართული სპორტის მესვეურები, სპორტულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები და სპორტის გულშემატკივრები. მობრძანდით და ერთად ვიზეიმოთ დიდი ჩემპიონის დიდი გამარჯვების საიუბილეო თარიღი“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში.

კვირის ამბები