საინტერესო ამბები
01.09.2022 12:51
სწავლის დაწყების თარიღი, ბესლანის ტრაგედია, მასშტაბური აქცია საქართველოში „Stop Russia“ - 1-ლი სექტემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიო კალენდარზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად, საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების თარიღად გასაზღვრულია 15 სექტემბერი, უფრო ადრე კი, საქართველოში, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში, სასწავლო წელი იწყებოდა პირველ სექტემბერს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკამ შეცვალა სწავლის დაწყების თარიღი.

1-ელ სექტემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება:

1715 წელს, 72 წლიანი მმართველობის შემდგომ გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ლუი XIV;

1897 წლის 1-ელ სექტემბერს პირველი მიწისქვეშა მეტრო გაიხსნა ჩრდილოეთ ამერიკაში, ბოსტონში;

1923 წლის 1-ელ სექტემბერს, ტოკიოსა და იოკოჰამაში მომხდარმა მიწისძვრამ 100 000 ადამიანი იმსხვერპლა;

1939 წლის პირველ სექტემბერს პოლონეთს თავს დაესხა ნაცისტური გერმანია და ომი დაიწყო;

1991 წელს, უზბეკეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა;

2004 წლის 1-ელ სექტემბერს, რუსეთის შემადგენლობაში მყოფ ჩრდილოეთ ოსეთის ერთ-ერთ სკოლაში, ბესლანში, მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ტერაქტი მოხდა, ტერორისტებმა ბესლანის სკოლაში ტყვედ აიყვანეს 1 200-მდე ადამიანი - ბავშვები, მშობლები და სკოლის პედაგოგები. ტერაქტის დროს დაიღუპა 350 მძევალი, მათ შორის 186 ბავშვი, მოკლეს 31 თავდამსხმელი, დაიჭრა 500-ზე მეტი ადამიანი;

2008 წლის 1-ელ სექტემბერს, საქართველოში, დევიზით - „Stop Russia“,რუსული აგრესიის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია - ,,ცოცხალი ჯაჭვი“ გაიმართა, რომელშიც საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა.

კვირის ამბები