კულტურა
01.09.2022 12:35
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ იწყება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიქოზში, დღეს, 1-ელ სექტემბერს, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“-ს მე-10 საიუბილეო ღონისძიება იწყება.

ფესტივალის საზეიმო გახსნა 13:00 საათზე, ეპისკოპოსის სასახლეშია დაგეგმილი.

როგორც ორგანიზატორების მიერ დაანონსდა, ღონისძიებას წეროვანის დევნილთა დასახლების მოსწავლეთა ანსამბლი „მომავალი თაობა“ და ნიქოზის ხელოვნების სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი გახსნის.

დღესვე, საკუთარ შემოქმედებას სტუმრებს ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები ჩრდილების თეატრის მეშვეობით გააცნობენ, ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა სახელწოდებით - ,,2008 წლის ომის გამოძახილი“;

რაც შეეხება პროგრამით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს, დაგეგმილია გამოფენა - არქიტექტურული პროექტი „ნიქოზის ხელოვნების სასახლე“; ფოტოგამოფენა - როზანჯელა დე არაუჯო, რომელსაც გერმანელი მონაწილეები წარადგენენ.

ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მუსიკალურ მინიატურებს კონსერვატორიისა და მუსიკალური სემინარიის სტუდენტები (ნიქოზის ხელოვნების სკოლის ყოფილი მოსწავლეები) გააცნობენ.

ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმი „ეკლიანი ღობე“ - რეჟისორი ანიტა კილი (ნორვეგია);

მოეწყობა მანანა აბზიანიძის ხელნაკეთი თოჯინების და ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების (კერამიკა, ნაქარგები, ხელსაქმე, თოჯინები) გამოფენები.

და ბოლოს, სტუმრები გაიცნობენ მარიონეტებს - ნიქოზში, ომის დროს დარჩენილი პერსონაჟებს, მეზობლებს - ქრისტინას, კოლიას, ლეილას, ზინაიდას, იასონსა და ვალიკოს. ამ პერსონაჟების ომისდროინდელი მოკლე ისტორიები, სპეციალურად მე-10 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალისთვის გამოცემულ პატარა წიგნშია თავმოყრილი.

კვირის ამბები