გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. შესრულებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე გაეცნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლში მიმდინარე 6 პროექტის დასრულების შემდეგ, დამატებით, რეგულარულად მოირწყვება 2 740 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ფართობი.
„ხარისხიანი, უხვი მოსავალი და შედეგად, მეტი შემოსავალი რომ მიიღონ ფერმერებმა, აუცილებელია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უზრუნველყოფილი იყოს სარწყავი წყლით. სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების მხარდაჭერით, ათეულობით მილიონს ვხარჯავთ სარწყავი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. შიდა ქართლის რეგიონში რამდენიმე წლის წინ აღვადგინეთ სატუმბი სადგური, საიდანაც ნადარბაზევის ტბის შევსება ხორციელდება და შემდეგ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გარკვეული ნაწილი მშენებლობის უკვე დასრულებულია და სოფელ ნადარბაზევის, ხურვალეთის, ჩობალაურის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია. ჩვენ ვაგრძელებთ სამშენებლო სამუშაოებს, პროექტის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
პროექტის ფარგლებში, ჯამში, 14 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა. მოეწყო რკინაბეტონის ღარები და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა.
პროექტის ღირებულება 2,7 მლნ ლარია. აღნიშნულ ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა 30 წელი არ ფუნქციონირებდა.
ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია. აღდგენითი სამუშაოები უტარდება წყალგამანაწილებელი არხის 6,5 კმ სიგრძის მონაკვეთს. სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში დამატებით 600 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.
2012 წლიდან დღემდე, შიდა ქართლის რეგიონში, 59,5 მლნ. ლარის ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული 92 პროექტი განხორციელდა.