გორის მერიის ხელშეწყობით დევნილმა და სოციალურად დაუცველმა მოზარდებმა ზღვისპირა კურორტზე დაისვენეს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სკრის თემში მცხოვრებმა ოცმა მოზარდმა, 10 დღის განმავლობაში ზღვისპირა კურორტზე დაისვენა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პროექტი სკრის სათემო ასოციაცია „ბეთლემთან“ თანამშრომლობით, სოციალური პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
„გარდა მზრუნველობასმოკლებული მოხუცებისა, ზემოხსენებული ორგანიზაცია, პროექტებს დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისაც ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი აქტივობის ფარგლებში, ბავშვებმა ზღვაზე 10 დღით დაისვენეს. ამ ხნის განმავლობაში ისინი დაკავებულები იყვნენ შემეცნებითი და სპორტული აქტივობებით. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა,“- აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ჯამში, 14 სოციალურ პროექტს აფინანსებს.
პროექტები ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შინმოვლის სერვისით, სამედიცინო-სარეაბილიტაციო კურსებით, დღის ცენტრების მომსახურებით, თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფას.