09.01.2020 12:25
გადაიდება თუ არა გრიპის ვირუსის გამო საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი
სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა, თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გრიპის გავრცელების მაჩვენებელი პანიკის საფუძველს არ იძლევა. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გრიპის ცირკულირება დაახლოებით აპრილის დასაწყისამდე გრძელდება, შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას, სწორედ სეზონური ვირუსის აქტიურობიდან გამომდინარე მიიღებენ.
„ამ დილით გამართულ სხდომაზე კიდევ გვქონდა კონსულტაციები სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე, თუმცა, მსგავსი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიგვიღია. გრიპის სეზონი, დაახლოებით, აპრილის დასაწყისამდე გრძელდება და კონკრეტულ ზომებსაც არსებული მდგომარეობის შესაბამისად მივიღებთ“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.