არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. პირველ სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირები.
,,გორში საკოორდინაციო შტაბმა დაიწყო მუშაობა, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში უზრუნველყოფს არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულ ჩაბარებას. მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალაში შევიდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა, კერძოდ - 10 თეთრიანი სუბსიდირება კილოგრამ ვაშლზე. ეს პროგრამა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფერმერებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, რომ შიდა ქართლი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია ვაშლის წარმოების კუთხით საქართველოში, ვაშლის მოსავლის 70% სწორედ ჩვენს რეგიონში იწარმოება. პროგრამის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ვაშლის აღების სეზონზე, ჩვენს ფერმერებს დაუბინავებელი არ დარჩეთ წარმოებული ხილი, მიიღონ შემოსავალი და არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.