საზოგადოება
31.08.2022 11:43
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა და გორის მერმა, გუგუტიანთკარში „დანერგე მომავალი“-ს ფარგლერბში გაშენებული ბაღი დაათვალიერეს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ გუგუტიანთკარში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით გაშენებული ვაშლის ბაღი დაათვალიერეს.

„ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მიზნობრივ პროგრამას, რითაც მეხილეობის განვითარებას ვუწყობთ ხელს. შენდება ახალი ინტენსიური ბაღები, რაც იმას ნიშნავს, რომ გვექნება ხარისხიანი მოსავალი. ხარისხიანი მოსავლის რეალიზაცია კი, შესაბამისად, მაღალ ფასებში განხორციელდება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ, მის ფარგლებს გარეთაც“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივი ფერმერის, ალექსანდრე გუგუტიშვილის გაშენებულ ბაღში იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, გუგუტიშვილმა აღნიშნული ბაღი გასულ წელს, 0.5 ჰექტარზე გააშენა, რისთვისაც თანადაფინანსების სახით 5 519 ლარი მიიღო. ამასთან, ფერმერმა, 2020-2021 წლებში, შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტითაც ისარგებლა, რომლის ფარგლებშიც, ბაღის გაშენებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, სესხის პროცენტის თანადაფინანსება 11%-ს შეადგენს.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა - „დანერგე მომავალი“-ს, ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება დაფინანსებულია 461 ჰექტარზე, სახელმწიფო თანადაფინანსება 4,6 მლნ ლარს აღემატება.

კვირის ამბები