გორელი გიორგი ორთანეზაშვილი ქალაქის ცენტრალურ უბანში, მთავარი მოედნის სიახლოვეს მდებარე საკუთარ კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლს ათამაშებს. საცხოვრებელი სახლი 2008 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, მოიცავს ორ სართულზე განლაგებულ 240 კვ.მ საცხოვრებელ ფართს, 150 კვ.მ. სარდაფს და სახლის ორ მხარეს არსებულ ეზოს.
როგორც GMnews-თან გიორგი ორთანეზაშვილი აცხადებს, გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო სახლს ყიდის, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ძვირადღირებული უძრავი ქონებაა, მოკლე დროში რეალიზაცია მარტივად ვერ ხერხდება, გასხვისების ამგვარი გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც ინტერნეტში წააწყდა ინფორმაციას, რომ რამდენიმე წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქემ საკუთარი სახლი გაათამაშა.
,,მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში შემხვდა, იმ ამერიკელის იდეამ ძალზე დამაინტერესა, თუმცა, გადავწყვიტე, გათამაშების პირობები შემეცვალა - ის თუ ბილეთს 1$-ად ყიდდა და ეს პროცესი 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მე მხოლოდ 3 თვეზე გამოვაცხადე გათამაშება და 1 ბილეთის ღირებულება 10 ლარს შეადგენს.
ვათამაშებ გორის ცენტრში მდებარე საკუთარ კეთილმოწყობილ სახლს, რომელიც 2008 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. შენობა მოიცავს ორ სართულზე განლაგებულ 240 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს და ამასთანავე, სარდაფის სახით გააჩნია 140 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. მისაღების, სასტუმრო ოთახისა და სასადილოს გარდა, სახლს 4 საძინებელი და 4 სააბაზანო ოთახი გააჩნია. გათამაშება შედგება მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, სწორედ ამ სახლში. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, ლოტოტრონის პრინციპით გათამაშებას ადგილზე დაესწროს ან თვალი ადევნოს ლაივს. გათამაშებაზე დასწრების საშუალება ექნებათ დაინტერესებულ მედიასაშუალებებსაც. როგორც მოგახსენეთ, გათამაშების ერთი ბილეთის ფასი გახლავთ 10 ლარი და პირობა არის ის, რომ უნდა გაიყიდოს მინიმუმ 70 000 ბილეთი, მთლიანობაში - არანაკლებ 700 000 ლარის ღირებულების ბილეთები. მოგებული გამოვლინდება ლოტოტრონის საშუალებით და მოგებულს ბინა გადაეცემა სიმბოლურ ფასად - 10 ლარად. თავდაპირველად, ბევრი სკეპტიკურად შეხვდა ჩემს ამ გადაწყვეტილებას, იყო ირონიული კომენტარებით, თუმცა, ეს ყველაფერი გადაწონა დაინტერესებულთა რიცხვმა. უამრავი ადამიანი მიკავშირდება და პირობებს აზუსტებს.
რაც შეეხება საზოგადოების სკეპტიკურად განწყობილ ნაწილს, გეტყვით, რომ ბილეთების არასაკმარისი რაოდენობით გაყიდვის შემთხვევაში, გათამაშება თუ არ შედგება, ბილეთის ყველა მყიდველს უკან დაუბრუნდება გადახდილი თანხა. ეს გახლავთ ასე ვთქვათ, ერთჯერადი სოციალური პროექტი. უკვე ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა, გვიკავშირდებიან იტალიაში, საბერძნეთსა და გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც, ამ დროისთვის, გაყიდულია 200-ზე მეტი ბილეთი და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და ბილეთების გაყიდვების ტემპიც გაიზრდება“, - აცხადებს გიორგი ორთანეზაშვილი.
ორთანეზაშვილის განცხადებით, გათამაშებით დაინტერესებულ პირს ბილეთის ღირებულება შეაქვს საბანკო ანგარიშზე, დანიშნულებაში მითითებული უნდა იყოს გათამაშების მონაწილე პირის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს და ბოლო პირობა - აუცილებელია, რომ გათამაშებისას, ლოტოტრონიდან ამოღებულ ბილეთზე მითითებულ ნომერს უპასუხოს სავარაუდო მოგებულმა.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, თუ გათამაშებაში მონაწილეობით დაინტერესდებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ფეისბუქგვერდზე - პირველად საქართველოში.