28 წლის მზია ქარელი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისში, პროფილურ კლინიკაში გადაყვანიდან უმოკლეს დროში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გავრცელდა. GMnews-ი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმს, ავთო ბორცვაძეს დაუკავშირდა. ბორცვაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანიდან უმოკლეს დროში დამძიმდა, რის გამოც მისი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, გამოიკვეთა მწვავე ლეიკოციტოზი, რასაც მალევე თან დაერთო სუნთქვის უკმარისობაც. პაციენტისგან მიღებული ინფორმაციით, მას აღენიშნებოდა ვირუსული ინფექციის სიმპტომები, ცხელება და ანტიბიოტიკოთერაპიას სახლის პირობებში ეწეოდა. მისივე თქმით, ჰქონდა ჩიყვი და ფარისებრზე შესაბამის კვლევებსაც იტარებდა. სხვა დაავადების შესახებ, ვთქვათ, ლეიკემიაზე, მან არაფერი იცოდა. მას შემდეგ, რაც სუნთქვის უკმარისობა მწვავედ გამოიკვეთა, მივიღეთ პაციენტის დაინტუბირების და მისი პროფილურ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება. შევათანხმეთ თბილისში მოქმედ ,,გერმანულ ჰოსპიტალთან“ და მოხდა მისი გადაყვანა ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილების რეანიმაციაში. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ასე მარტივად რთულია რაიმეს თქმა, თუმცა, მგონია, რომ შესაძლოა, პაციენტს ჰქონდა ლეიკემია და არ იცოდა ამის შესახებ, ვირუსულმა ინფექციამ კი, დაამძიმა მდგომარეობა“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ავთო ბორცვაძემ.