2022-2023 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს იწყება და არსებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. უკვე რამდენიმე წელია, საჯარო სკოლის მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემს. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის ფარგლებშიც, პირველკლასელებს ბუკები გადაეცემათ საჩუქრად.
„გორის მაცნე“ დაინტერესდა, როდიდან მიიღებენ მოსწავლეები წიგნებსა და ბუკებს, შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გარკვეული შეფერხებით გაიცა კომპიუტერები.
როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ,,გორის მაცნეს“ განუცხადა, სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი უკვე სკოლებზეა გაცემული.
„სახელმძღვანელოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გადავეცით სკოლებს, დაახლოებით, 2 დღეში, დარჩენილი ნაწილიც სკოლებში იქნება. რაც შეეხება კომპიუტერულ ტექნიკას, პირველკლასელთა ბუკებიც მიმდინარე კვირაში გადაეცემა სკოლებს. მოსწავლეებისთვის კუთვნილი სახელმძღვანელოების და ბუკების გაცემის საკითხს სკოლა არეგულირებს, შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თავად გადაწყვეტს, მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლებამდე გადასცეს წიგნები თუ 15 სექტემბერს“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.