მთავრობის ინიციატივით, საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო დააწესებს ზედა ზღვარს, რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი, ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით დადგინდება.
„ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასებს. მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და შემოვიდა ხარისხიანი თურქული წარმოების წამალი საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა დაახლოებით, 80 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგეს. ამას გარდა, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს და რომ არ მოხდეს ფასების გაზრდა, დაწესდეს რეფერენტული ფასებიც, რომ არცერთ კომპანიას, არცერთ იმპორტიორს არ მიეცეს ფასებით მანიპულირების საშუალება ან შეთანხმებები არ მოხდეს ერთმანეთს შორის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.