სპორტი
09.01.2020 11:26
გენო პეტრიაშვილის აღიარება ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციისგან

მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ განვლილი სეზონის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. ჩამონათვალში, მესამე საპატიო ადგილს გორელი ფალავანი, გენო პეტრიაშვილი იკავებს.

ცნობისთვის, ჭიდაობის ფედერაცია, „საუკეთესოებს“ თავისი კრიტერიუმებით - ყველა ტურნირზე მოპოვებული ქულების დაჯამების შედეგად ავლენს. შესაბამისად, წლის განმავლობაში სხვადასხვა ტურნირებზე, შესაძლოა, რომელიმე მოჭიდავემ პირველი ადგილი არ დაიკავოს, მაგრამ ბევრგან იასპარეზოს, ქულები დააგროვოს და წლის მიწურულს, მსოფლიო ფედერაციის ვერსიით გამოვლენილ საუკეთესო ათეულში ჩემპიონებსაც გადაასწროს.

სწორედ ასე მოხდა გენოს შემთხვევაში. მოგეხსენებათ, ის მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, წელს, ზედიზედ მესამედ გახდა, მაგრამ იყო შეჯიბრებები რომლებიც ტრავმის გამო გამოტოვა და ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებული ფედერაციის ვერსიით ყველა წონაში საუკეთესოთა გამოვლენისას მესამე ადგილზე გავიდა.

სამეულს, სათავეში  იტალიელი ფრენკ ჩამიზო (70 კგ) უდგას, რომელმაც წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი ვერ მოიგო და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.  მეორე ნომერი კი, ამერიკელი ჯეიდენ კოქსი (92 კგ) გახდა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფალავანი, წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავის წონაშიც საუკეთესო იყო.

ჩამიზო - კოქსი- პეტრიაშვილის სამეულმა ჭიდაობის ფედერაციისგან ფულადი ჯილდოებიც მიიიღო. ჩამიზო - 30 ათასი შვეიცარიული ფრანკით, კოქსი - 20 ათასით, პეტრიაშვილი კი, 10 ათასით დაჯილდოვდა.

კვირის ამბები