საზოგადოება
26.08.2022 12:32
როდის დაუბრუნდებათ უკან აბიტურიენტებს აპელაციისთვის გადახდილი თანხები

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება, ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

naec-ის ცნობით, აპელაციაში გადახდილი თანხა 1 546 ნაშრომის ავტორს დაუბრუნდება უკან. აბიტურიენტებმა თანხის დასაბრუნებლად, ცენტრს განცხადებით უნდა მიმართონ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისთვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განცხადებების მიღება დღეს, 26 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყო და 26 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ განცხადებების გაგზავნა აბიტურიენტებს ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით შეუძლიათ.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, თანხა განმცხადებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება. რაც შეეხება ვადებს, როგორც ცნობილია, აბიტურიენტებს კუთვნილი თანხა განცხადებების მიღების დასრულებიდან, ერთი თვის განმავლობაში დაბრუნდებათ.

კვირის ამბები