ბავშვები, როგორც წესი, პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე მშობლებს პერიოდულად დაჰყავთ. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სკოლაში შესვლის წინ - 6-7 წლის ასაკში, მომავალი პირველკლასელები რამდენიმე პროფილის ექიმს გავასინჯოთ.
„გორის მაცნე“ გთავაზობთ იმ სპეციალისტების და მიზეზების ჩამონათვალს, რომლებთანაც ბავშვის ვიზიტია რეკომენდებული.
ოფთალმოლოგი - მშობელმა, შესაძლოა, დიდხანს ვერ შეამჩნიოს ბავშვის მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ მიზანშეწონილია ექიმთან ვიზიტი. მხედველობის კონტროლი სპეციალური ნახატების საშუალებით ხდება იმ ასაკისთვის, როცა ბავშვი ჯერ ასოებს ვერ ცნობს. თუ რაიმე სახის პრობლემა არსებობს, ის დროულად უნდა დააფიქსიროთ, რომ ბავშვს სწავლის პროცესში ხელი არ შეეშალოს.
ოტორინოლარინგოლოგი - სკოლაში შესვლამდე, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ შემოწმდეს სმენა, ყელი და ცხვირი. ეს დაგვეხმარება სამომავლოდ სეზონური ინფექციების რთულად მიმდინარეობის რისკის შემცირებაში.
სტომატოლოგი - სტომატოლოგის კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია თანკბილვასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად, რათა ბავშვს მეტყველებასა და გარკვეული ბგერების გამოთქმაში ხელი არ შეეშალოს.
ნევროლოგი - უნდა შემოწმდეს ბავშვის შფოთვის დონე, მოწესრიგდეს ძილის საკითხი. სპეციალისტი შეამოწმებს ტიკებს, ყურადღების მობილიზების დონეს.
ორთოპედი - ამოწმებს საყრდენ-მამოძრავებელ ორგანოებს, ტანადობას, ტერფის მდგომარეობას. აგიხსნით, როგორი უნდა იყოს მისი სამეცადინო სივრცე - ბავშვისთვის განსაზღვრავს სკამისა და მაგიდის სიმაღლეს, ასევე, აგიხსნით, როგორი ფეხსაცმელია მისთვის იდეალური, როგორი ჩანთა უნდა შეურჩიოთ. სწორად შეგირჩევთ სპორტულ წრეებსაც.
ლოგოპედი და ფსიქოლოგი - უნდა გადამოწმდეს მეტყველების აპარატი და გამოვლინდეს დეფექტები, რათა დროულად გამოსწორდეს ისინი. ფსიქოლოგმა უნდა შეაფასოს, მზადაა თუ არა ბავშვი ყოველდღიური საგაკვეთილო დატვირთვისთვის.
რაც შეეხება კვლევებს, როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, სასკოლო ასაკის ბავშვს გაკეთებული უნდა ჰქონდეს შემდეგი კვლევები: მუცლის ღრუს ექოსკოპია; ექოკარდიოლოგიური კვლევა; ფარისებრი ჯირკვლისა და რეპროდუქციული სისტემის კვლევა; სისხლისა და შარდის საერტო ანალიზი; ჭიის ანალიზი.