საზოგადოება
24.08.2022 15:15
ხანძრის გაჩენის რისკებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს
მომდევნო დღეებში მოსალოდნელ უნალექო ამინდებთან დაკავშირებით, რომელიც ხანძრის გაჩენის რისკებს უკავშირდება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
გაითვალისწინეთ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს და ნუ შეუწყობთ ხელს ტყის ხანძრების გაჩენას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები